ურეაპლაზმები


გამომწვევი – Ureaplasma species

ურეაპლაზმები-პირობით- პათოგენური მიკროორგანიზმებია, რომლებიც მიკოპლაზმების სახესხვაობებს წარმოადგენენ, მაგრამ ახასიათებთ ურეაზული აქტივობა-შარდოვანას გახლეჩა ამიაკის წარმოქმნით.

დასახელებაში Ureaplasma species მოიაზრება ორი სახეობის მიკროორგანიზმი- Ureaplasma urealyticum და Ureaplasma parvum, რომლებიც პათოგენობის სხვადასხვა ხარისხით გამოირჩევიან. მათი გარჩევა შესაძლებელია მხოლოდ მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევით.

U.urealyticum ასოცირდება შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების განვითარებასთან. U.parvum ხშირად აღმოჩნდება კლინიკურად ჯანმრთელი ქალების უროგენიტალურ ტრაქტში. ურეაპლაზმები, ლორწოვანას ზედაპირზე დიდხანს არსებობის შემთხვევაში, საკუთარი მეტაბოლიზმის პროდუქტების საშუალებით არღვევენ ლორწოვანის დამცავ ფაქტორებს, იწვევენ საშოს დისბიოზს და ამით ქმნიან სხვა პირობით-პათოგენური და პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს. ხშირად ურეაპლაზმები აღმოჩნდება სხვა სქესობრივად გადამდებ ინფექციებთან ერთად.

დაინფიცირების წყაროა ურეაპლაზმური ინფექციით დაავადებული ან მატარებელი ადამიანი.

ინფექცია გადაეცემა სქესობრივი, საყოფაცხოვრებო-კონტაქტური და ვერტიკალური გზებით (დაავადებული დედიდან ბავშვზე ორსულობის ან მშობიარობის დროს).

ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 2-5 კვირას.

დაინფიცირებას ყოველთვის არ მოჰყვება დაავადების განვითარება, მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში, მაგალითად იმუნოდეფიციტის დროს თანდართული ინფექციებისას. ინფექციის ნიშნები სუსტად არის გამოხატული, შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს(ქალებში).

მამაკაცებში ურეაპლაზმები იწვევენ არაგონოკოკურ ურეთრიტს, ცისტიტს, პროსტატიტს, სათესლეების ანთებას (ორხიტი) და დანამატების ანთებას (ეპიდიდიმიტი).

ურეაპლაზმას გააჩნია თვისება, შეერწყას სპერმატოზოიდს და შეცვალოს სპერმის შემადგენლობა და ხარისხი. ამიტომ ინფექცია ასოცირდება მამაკაცის უშვილობასთან.

ქალებში ურეაპლაზმები იწვევენ საშოს ანთებას(ვაგინიტი), საშვილოსნოს ყელის ანთებას(ცერვიციტი), საშვილოსნოს ანთებას(ენდომეტრიტი) და დანამატების ანთებას(ადნექსიტი). ანთებითი პროცესებით გამოწვეულმა ცვლილებებმა შეიძლება შეხორცებები გამოიწვიოს, რაც საშვილოსნოსგარე ორსულობისა და უნაყოფობის მიზეზი ხდება. ურეაპლაზმოზი ხელს უწყობს გვიან აბორტებს, ქორიოამნიონიტის განვითარებას, ნაყოფის განვითარების შეფერხებას და მის მცირე წონას. დადგენილია ურეაპლაზმას როლი ფილტვების პათოლოგიების (პნევმონიები, დისპლაზიები), ახალშობილთა ბაქტერიემიის და მენინგიტის ჩამოყალიბებაში. ასევე ურეაპლაზმური ინფექცია დაკავშირებულია რეაქტიული ართრიტისა და შარდკენჭოვანი დაავადებების განვითარებასთან.

ურეაპლაზმების აღმოჩენა შეიძლება კულტურის(დათესვა საკვებ არეზე) ან მოლეკულურ- გენეტიკური მეთოდებით. პჯრ (PCR) მეთოდის მგრძნობელობა გაცილებით მაღალია კულტურის მეთოდთან შედარებით, და ამასთან საშუალებას გვაძლევს სწრაფად აღმოვაჩინოთ როგორც ცოცხალი, ისე არა ცოცხალი მიკროორგანიზმების დნმ, დავადგინოთ მიკროორგანიზმის სახეობა და მათი რაოდენობა. ურეაპლაზმას სახეობის მიხედვით( U.urealyticum ან U.parvum), მათი რაოდენობის, დაავადების კლინიკური სურათის, თანდართული სხვა ინფექციების დადგენის, რისკების განსაზღვრის შემდეგ მუშავდება პაციენტის მკურნალობის ტაქტიკა.

რისთვის გვჭირდება გამოკვლევა?

  • შარდსასქესო ტრაქტის ანთებითი დაავადებების დიფერენციული დიაგნოსტიკა
  •  ორსულობის შეწყვეტის, ნაადრევი მშობიარობის, მცირეწონიანი ბავშვის დაბადების დროს
  •  უნაყოფობის მიზეზის დადგენა ქალებსა და მამაკაცებში
  •  ჯანმრთელ ადამიანებში შარდსასქესო სისტემის პროფილაქტიკა
  • როდის ინიშნება გამოკვლევა?
  • შარდსასქესო ტრაქტის ანთებითი დაავადებების დროს (ქავილი, წვა, შეწითლება, პათოლოგიური გამონადენი)
  • ორსულობის დაგეგმარება(ორივე პარტნიორი)
  • პირველადი და მეორადი უნაყოფობა მამაკაცებსა და ქალებში
  •  საშვილოსნოსგარე ორსულობა
  • რეაქტიული ართრიტის მიზეზის დაუდგენლობა
  • მკურნალობის კურსის ეფექტურობის გადამოწმება

ვინ ნიშნავს გამოკვლევას?

უროლოგი, გინეკოლოგი