ციტომეგალოვირუსული ინფექცია
გამომწვევი – Cytomegalovirus
Cytomegalovirus (CMV) – მიეკუთვნება ჰერპეს ვირუსების ოჯახს. ისევე როგორც ამ ოჯახის სხვა წარმომადგენელი, იგი შეიძლება ადამიანის ორგანიზმში არსებობდეს მთელი ცხოვრების მანძილზე.
ნორმალური იმუნიტეტის მქონე ჯანმრთელ ადამიანებში ციტომეგალოვირუსული ინფექცია მიმდინარეობს გართულებების გარეშე(ხშირად უსიმპტომოდ), მაგრამ ინფექცია საშიშია იმუნოდეფიტის დროს და ორსულობისას(ნაყოფისთვის). CMV გადაეცემა სხვადასხვა ბიოლოგიური სითხის საშუალებით(ნერწყვი, შარდი, სპერმა, სისხლი).
ინფექცია ვრცელდება სქესობრივი გზით, თუმცა შესაძლებელია გადაცემის ვერტიკალური მექანიზმი-დედიდან შვილზე(ორსულობის დროს, მშობიარობისას, დედის რძით კვებისას). ციტომეგალოვირუსული ინფექცია ფართოდ გავრცელებულია, მაგრამ რადგან დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, დაინფიცირებულთა უმრავლესობა ვერც კი ხვდება, რომ ვირუსის მატარებელია. ხანდახან დაავადება გვაგონებს ინფექციურ მონონუკლეოზს: ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, გადიდებული ლიმფური კვანძები. შემდგომში ვირუსი არააქტიურ ფორმაში გადადის, აქტიურდება და გამრავლებას იწყებს მაშინ, როცა ორგანიზმი სუსტდება. ორსულებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, იყვნენ თუ არა წარსულში CMV-ით დაინფიცირებულები. სწორედ ეს განსაზღვრავს, საშიშია თუ არა ვირუსი ნაყოფისა და ახალშობილისთვის. თუ ქალი ადრე იყო დაინფიცირებული, რისკი ბავშვისთვის მინიმალურია. თუ ორსული ქალი ადრე არ ყოფილა ინფიცირებული, შესაძლებელია იგი დაინფიცირდეს ორსულობის დროს პირველადად. ეს კი საფრთხეს წარმოადგენს ნაყოფისთვის. ორსულის პირველადი ინფიცირებისას ვირუსი ხშირად ხვდება ბავშვის ორგანიზმში. ჩვეულებრივ ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა შემთხვევათა 10%-ში იგი თანდაყოლილ პათოლოგიებს იწვევს: მიკროცეფალია, ცერებრული კალციფიკაცია, გამონაყარი, ღვიძლისა და ელენთის გადიდება,ინტელექტის დაქვეითება და სიყრუე.
მწვავე ციტომეგალოვირუსული ინფექცია ხშირად ვლინდება ახალშობილებში. დიაგნოსტიკის ერთადერთ მეთოდს წარმოადგენს ვირუსის დნმ-ის აღმოჩენა შარდში, ნერწვსა და სისხლში(PCRმეთოდი).
ციტომეგალოვირუსული ინფექცია ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:
- ბადურას ანთება(იწვევს დაბრმავებას)
- კოლიტი(მსხვილი ნაწლავის ანთება)
- ეზოფაგიტი(საყლაპავის ანთება)
- ნევროლოგიური დარღვევები(ენცეფალიტი და სხვა)
რისთვის გვჭირდება გამოკვლევა?
- ციტომეგალოვირუსული ინფექციის დიაგნოსტიკა
როდის ინიშნება გამოკვლევა?
ახალშობილებში
- თუ დედას ორსულობის დროს გადატანილი აქვს პირველადი ინფექცია;
- თუ ახალშობილს აღენიშნება თანდაყოლილი ინფექციის ნიშნები: სიყვითლე ან ანემია, თავის გარშემოწერილობა ნორმალურზე ნაკლები, გადიდებული ღვიძლი ან/და ელენთა, სმენის ან მხედველობის დაქვეითება, ნევროლოგიური დარღვევები(კონვულსიები, გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა);
- ზრდასრულ ადამიანებში;
- ორსულობის დროს;
- იმუნოდეფიციტის დროს(აივ-ინფექცია, ორგანოთა გადანერგვა);
- მონონუკლეოზის სიმპტომების არსებობისას(ნორმალური იმუნიტეტის ადამიანებში).
ვინ ნიშნავს გამოკვლევას?
თერაპევტი, ინფექციონისტი, გინეკოლოგი