სიფილისი
გამომწვევი – Treponema pallidum
სიფილისი (ათაშანგი) – ეს არის ქრონიკული დაავდება, რომლის დროსაც ინფექციური პროცესი მოიცავს ყველა ორგანოსა და ქსოვილებს. გამომწვევი Treponema pallidum (მკრთალი ტრეპონემა) ძირითადად გადაეცემა სქესობრივი გზით (კანისა და ლორწოვანის მიკროტრავმებთან კონტაქტი), შესაძლებელია ინტრაპლაცენტარული გადაცემა-დაავადებული დედიდან ნაყოფზე ორსულობის დროს (დაინფიცირების ალბათობა 40-70%), საყოფაცხოვრებო კონტაქტისას, და ასევე სისხლის გადასხმისას(იშვიათად).
ინფექციის წყარო სიფილისით დაავადებული ადამიანია. დაავადების მსვლელობისას გამოყოფენ რამდენიმე სტადიას. დაინფიცირებიდან 10-90 დღის შემდეგ გამომწვევის ჩანერგვის არეში ჩნდება უმტკივნეულო მაგარი შანკრი და ვითარდება რეგიონული ლიმფური კვანძების ანთება-პირველადი სიფილისი. რამოდენიმე ხანში 2-6 თვე დაინფიცირებიდან ან მე-2- 10 კვირა მაგარი შანკრის გამოვლენიდან იწყება ინფექციის გენერალიზაცია-ვითარდება მეორადი სიფილისი.
ლატენტურად მიმდინარე (ფარული) სიფილისის დროს ვლინდება დადებითი სეროლოგიური რეაქციები კლინიკური სიმპტომების გარეშე(ადრეული ლატენტური-დაავადების დაწყებიდან 2 წელზე ნაკლები, გვიანი ლატენტური-დაავადების დაწყებიდან 2 წელზე მეტი). მესამეული სიფილისი ვითარდება დაინფიცირებიდან საშუალოდ 3-7წლის შემდეგ და ხასიათდება სიფილისური გუმების წარმოქმნით. სიფილისის დიაგნოსტიკისათვის ფართოდ გავრცელებულია სეროლოგიური მეთოდი. თუმცა, თუ გამომწვევის რაოდენობა მცირეა, სეროლოგიური მეთოდი ნაკლებ ეფექტურია.
ამ შემთხვევაში შეუცვლელია პჯრ (PCR) მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოავლინოს Treponema pallidum-ის დნმ საკვლევ მასალაში გამომწვევის სულ მცირე რაოდენობით არსებობის დროსაც კი.
რისთვის გვჭირდება გამოკვლევა?
- ადრეული სერონეგატიური პირველადი სიფილისის დიაგნოსტიკა
- თანდაყოლილი სიფილისის დიაგნოსტიკა
- ნეიროსიფილისის დიაგნოსტიკა
- აივ-ინფიცირებულებში სიფილისის დიაგნოსტიკა
- როდის ინიშნება გამოკვლევა?
- პირველადი სიფილისი-სიმპტომების და სეროლოგიური გამოკვლევის უარყოფითი შედეგები
- თუ ბავშვი დაიბადა სიფილისით დაავადებული დედისგან
- აივ-ინფექციის დროს
- ვინ ნიშნავს გამოკვლევას?
- გინეკოლოგი, უროლოგი, ვენეროლოგი,თერაპევტი, ინფექციონისტი, ნევროლოგი