პაპილომავირუსული ინფექცია


გამომწვევი-Human Papillomavirus

ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV)-იწვევს პაპილომავირუსულ ინფექციას,რომელიც სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება. ვირუსის ზოგიერთი ტიპი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) არის ვირუსთა ჯგუფი, რომელიც იწვევს კანის, ან ლორწოვანი გარსების (როგორიცაა მ.შ. პირის ღრუ, ან საშვილოსნოს ყელი) დაინფიცირებას როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ადამიანის პაპილომა ვირუსი ძალიან გავრცელებულია: სქესობრივად აქტიურ ადამიანთა დაახლოებით 80% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე,   დაინფიცირება ხდება ერთი ან მეტი სახეობით.

პაპილომა ვირუსის 200-ზე მეტი გენოტიპია ცნობილი. მათ ორ დიდ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკისა და მაღალი რისკის გენოტიპებად. დაბალი რისკის (HPV 6, 11, 42, 43, 44 და სხვა არაონკოგენური) გენოტიპები მახვილწვერა კონდილომას იწვევენ, მაგრამ ნაკლებად ასოცირდება სასქესო ორგანოების კიბოს წინარე დაავადებებსა და კიბოსთან. მაღალი რისკის გენოტიპებია (ასეთია 14 ტიპი): HPV 16,  18,  31,  33,  35,  39,  45,  51, 52, 56, 58, 59, 66, 68). ონკოგენურ ტიპებს შორის ყველაზე ხშირია მე-16 და მე-18 ტიპები. მე-16 ტიპზე მოდის საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი, ხოლო მე-18 ტიპზე – 10-12%. პაპილომა ვირუსების სხვა ონკოგენური ტიპებია 31, 33, 45, 52, 58, რომელთაგან თითოეული ასოცირებულია გენიტალური სიმსივნეების 2-4%-თან. რაც შეეხება მე-6 და მე-11 ტიპებს, რომლებიც პაპილომა ვირუსების ძალიან ხშირი და გავრცელებული ტიპებია, ისინი არ იწვევენ სიმსივნეებს და ასოცირებულია გენიტალური მეჭეჭების განვითარებასთან.

როგორ ინფიცირდება ადამიანი ადამიანის პაპილომა ვირუსით?

ადამიანის პაპილომა ვირუსი ჩვეულებრივ  პირდაპირ, კანიდან კანზე, დაინფიცირებულ არესთან კონტაქტისას ვრცელდება. აპვ-ის დაახლოებით 30 შტამი გადაეცემა სქესობრივი გზით (სულ, 200-ზე მეტი შტამია). ის შეიძლება ნებისმიერი ინტიმური კავშირის დროს გავრცელდეს, იქნება ეს სქესობრივი აქტი, თუ გენიტალიებზე შეხება.

იშვიათად, ვირუსი შეიძლება გადავიდეს დედიდან ბავშვზე მშობიარობის დროს. ასეთ დროს შესაძლოა განვითარდეს ახალშობილთა იშვიათი, მაგრამ სერიოზული დაავადება, რომელსაც რეკურენტული (მორეციდივე)  რესპირატორული პაპილომატოზი (RRP) ეწოდება. ეს დაავადება, სასუნთქი გზების ობსტრუქციის გამო, მაღალი ლეტალობით ხასიათდება.

ადამიანის პაპილომა ვირუსი არ არის მემკვიდრეობითი: აპვ ვირუსით დაინფიცირების, ან აპვ-ასოცირებული დაავადებების განვითარების რისკზე, გავლენას არ ახდენს ადამიანის გენეტიკა, ან დაავადების ოჯახური ისტორია.

პაპილომავირუსული ინფექციის მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • სქესობრივი ცხოვრების დაწყება ადრეულ ასაკში
  • სქესობრივი პარტნიორების სიმრავლე
  • დაქვეითებული იმუნიტეტი
  • ავიტამინოზი
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2 თვიდან 2-10 წლამდე. დამახასიათებელია დაავადების ფარული მიმდინარეობა, როდესაც  კლინიკური ნიშნები არ არის გამოვლენილი, ასევე კოლპოსკოპიური, ჰისტოლოგიური და ციტოლოგიური კვლევები გვიჩვენებს ნორმას. შემთხვევათა 30% -ში 6-12 თვის განმავლობაში ვირუსი თავისთავად განიდევნება. ფარული პაპილომავირუსული ინფექციის დიაგნოსტიკა შესაძლებელია მხოლოდ პჯრ (PCR) მეთოდით.

საშვილოსნოს ყელის კიბო უმეტესად გამოწვეულია პაპილომავირუსით. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა, რადგან კიბოს ადრეულ სტადიებზე შეუძლებელია სიმპტომების აღმოჩენა. ქალებისთვის მნიშვნელოვანია რეგულარული სკირინგტესტების ჩატარება, საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე ნებისმიერი ცვლილების დასადგენად. ასევე საყურადღებოა პაპ-ტესტის გაკეთება 3 წელში ერთხელ 21-დან 29 წლამდე პაციენტებისთვის, ხოლო 30-დან 65 წლამდე ქალბატონებს შეუძლიათ ვიზიტების შუალედი გაზარდონ კიდევ 2 წლით, ან მიჰყვნენ იგივე რეკომენდაციას. პაციენტი რეგულარული შემოწმებისგან თავისუფლდება 65 წლის შემდეგ, თუ წლების განმავლობაში არ ჰქონია დადებითი პასუხი ინფექციაზე.

რისთვის გვჭირდება გამოკვლევა?

  • მაღალი ონკოგენური რისკის პაპილომავირუსული ინფექციის გამოვლენა
  • ციტოლოგიური გამოკვლევის საეჭვო შედეგები

როდის ინიშნება გამოკვლევა?

  • საშვილოსნოს ყელის კიბოს პირველადი სკრინინგი 30 წელზე მეტი ასაკის ქალებში
  • ციტოლოგიური გამოკვლევის საეჭვო შედეგები

ვინ ნიშნავს გამოკვლევას?

მეან-გინეკოლოგი,დერმატოვენეროლოგი,უროლოგი,ინფექციონისტი,პროქტოლოგი, პედიატრი.