მიკოპლაზმოზი


გამომწვევი – Mycoplasma hominis

Mycoplasma hominis-მიკოპლაზმების ჯგუფის წარმომადგენელია. პარაზიტობს სპერმატოზოიდების მემბრანასა და შარდსასქესო ორგანოების ლორწოვან ეპითელიუმში. გადაცემის ძირითადი გზა სქესობრივია, თუმცა შესაძლებელია ვერტიკალური გზა-დაავადებული დედიდან ნაყოფზე ორსულობის პერიოდსა და მშობიარობისას. ინფექციის წყაროა მიკოპლაზმოზით დაავადებული ან M.hominis-ის უსიმპტომო მატარებელი.

M.hominis პირობით-პათოგენურ მიკროორგანიზმად ითვლება, ადამიანისთვის საშიშია მხოლოდ გარკვეულ პირობებში უხვი ზრდის დროს. არც თუ იშვიათად ეს გამომწვევი აღმოჩნდება ბაქტერიული ვაგინოზის(გარდნერელოზი) დროს.

ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 3-5 კვირას.

მიკოპლაზმური ინფექციის სიმპტომები არასპეციფიურია. იმუნიტეტის დაქვეითებისას M.hominis იწვევს მცირე მენჯის ორგანოების ანთებით დაავადებებს(არაგონოკოკური ურეთრიტი, ქრონიკული პროსტატიტი, ორხოეპიდიდიმიტი, ენდომეტრიტი, ადნექსიტი, ცისტიტი). ორსულთათვის საშიშია, რადგან იწვევს ორსულობის შეწყვეტას, მშობიარობის შემდგომ ენდომეტრიტს, ახალშობილთა მენინგიტს და სეფსისს, ასევე იმუნიტეტის დაქვეითებისას სასუნთქი სისტემის დაავადებებს.

M.hominis -ის დიაგნოსტიკის ერთადერთი ზუსტი მეთოდია პჯრ(PCR), რომელიც საშუალება გვაძლევს დღე-ღამის განმავლობაში გამოვავლინოთ გამომწვევის დნმ საკვლევ მასალაში.

რისთვის გვჭირდება გამოკვლევა?

  • შარდსასქესო და სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებების მიზეზის დადგენა
  • მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე დაავადებების დიფერენციული დიაგნოსტიკა
  • ანტიბაქტერიული მკურნალობის ეფექტურობის შეფასება
  • სკრინინგული გამოკვლევები

როდის ინიშნება გამოკვლევა?

  • ეჭვი მიკოპლაზმურ ინფექციაზე, მათ შორის პარტნიორის ხშირი ცვლის შემთხვევაში
  • შარდსასქესო სისტემის ნელა მიმდინარე ანთებითი დაავადებების დროს
  • სასუნთქი სისტემის დაავადებების გაურკვეველი მიზეზები
  • უნაყოფობა და ორსულობის შეწყვეტა
  • ანტიბაქტერიული მკურნალობის შემდგომ 1 თვე
  • აივ-ინფექცია

ვინ ნიშნავს გამოკვლევას?

გინეკოლოგი, უროლოგი, ვენეროლოგი