კანდიდოზი


გამომწვევი – Candida albicans

Candida albicans-საფუარისმაგვარი მიკროსკოპული სოკოებია, გავრცელებულია ყველგან. ამ ჯგუფის სოკოები შემთხვევათა 46-52%- ში გვხვდება ადამიანის პირის ღრუს ლორწოვანზე, ფეკალიებში-80%, კანზე-9,5%. საშოს ლორწოვანზე სოკოები აღმოჩნდება ჯანმრთელი ქალების 12%-ში და ორსულების 30-85%- ში(ორსულობის ბოლო ტრიმესტრი).

Candida albicans-მიეკუთვნება პირობით-პათოგენურ მიკროორგანიზმებს. ზომიერი ზრდის დროს იგი ნორმალური მიკროფლორის შემადგენელი ნაწილია, დაავადებას იწვევს მხოლოდ მისი ჭარბი ზრდა. ადამიანის ორგანიზმის დამცავი ფაქტორები, კანისა და ლორწოვანის ნორმალური ბაქტერიული ფლორა ეწინააღმდეგება სოკოების მოჭარბებულ ზრდას. Candida-ს გვარის სოკოებით გამოწვეული დაავადება-კანდიდოზი ვითარდება ორგანიზმის იმუნური დაცვითი მექანიზმების დარღვევების დროს.

კანდიდოზის აღმოცენების მიზეზი შეიძლება იყოს იმუნოსუპრესორული თერაპია, დონორული ორგანოების გადანერგვა, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა, ანტიბიოტიკების უკონტროლო გამოყენება, ავთვისებიანი სიმსივნეები, კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენება. კანდიდოზი ხშირად ვითარდება შაქრიანი დიაბეტის ფონზე, ფარისებრი და პარათირეოდიული ჯირკვლების დისფუნქციისას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კანდიდოზს აივ-ინფიცირებულებში. შიდსით დაავადებულ პაციენტთა 90%-ს უვითარდებათ კანდიდოზი.

კანდიდოზური ვულვოვაგინიტი-რძიანა- ძალიან გავრცელებული დაავადებაა შვილოსნობის ასაკის ქალებში. ქალების 75%-ს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც აღენიშნებათ კანდიდოზის მწვავე ეპიზოდი.

მამაკაცებში შაქრიანი დიაბეტი ან/და პირადი ჰიგიენის დაუცველობა იწვევს კანდიდოზური ბალანოპოსტიტის (ასოს თავისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ლორწოვანის ანთება)განვითარებას. თუმცა კანდიდოზი არ მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს(სგგი), დაუცველი სქესობრივი კონტაქტი მწვავე და ქრონიკული ვულვოვაგინიტის დროს იწვევს მამაკაცის სასქესო ორგანოს ანთებით პროცესებს.

შესაძლებელია ასევე შარდგამომყოფი გზების კანდიდოზი, რომელიც უმეტესად ვითარდება როგორც შიდაჰოსპიტალური ინფექციები. ამ შემთხვევაში რისკის ფაქტორებს წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტი, შარდის ბუშტის კათეტერიზიცაია, შარდკენჭოვანი დაავადება, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენება. ამ დროს პაციენტების ძირითადი ჩივილია ხშირი მტკივნეული შარდვა. მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდი საშუალებას იძლევა მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიურობით გამოვიკვლიოთ Candida albicans საკვლევ მასალაში. უარყოფითი პასუხი გამორიცხავს Candida albicans-ის, როგორც გამომწვევის, როლს შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების განვითარებაში.

დადებითი პასუხის შემთხვევაში საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარებამიკროსკოპული ანალიზი და მასალის დათესვა Candida-ს გვარის სოკოებზე ანტიმიკოზური პრეპარატების მიმართ მგძნობელობის განსაზღვრით.

რისთვის გვჭირდება გამოკვლევა?

  • უროგენიტალური დაავადებების განვითარებაში Candida albicans-ის როლის გამორიცხვა
  • უროგენიტალური კანდიდოზის დიაგნოსტიკა
  • კანდიდოზის მკურნალობის ეფექტურობის შეფასება

როდის ინიშნება გამოკვლევა?

  • ეჭვი კანდიდოზურ ვულვოვაგინიტზე(გარეთა სასქესო ორგანოებისა და საშოს ქავილი და წვა,
  • თეთრი ხაჭოსებური გამონადენი სასქესო ორგანოებიდან)-ქალებში
  • ეჭვი კანდიდოზურ ბალანოპოსტიტზე(სასქესო ორგანოს თავის შეშუპება, სიწითლე და წვა)-
  • მამაკაცებში
  • უროგენიტალური კანდიდოზის ანტიმიკოზური თერაპიის შემდეგ

ვინ ნიშნავს გამოკვლევას?

მეან-გინეკოლოგი, უროლოგი