ბაქტერიული ვაგინოზი
გამომწვევი – Gardnerella vaginalis
Gardnerella vaginalis – გრამუარყოფითი ფაკულტატური-ანაერობული ბაქტერიაა, რომელიც მცირე რაოდენობით შეიძლება არსებობდეს საშოს ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაში. გარდნერელა-ბაქტერიული ვაგინოზის ყველაზე ხშირი გამომწვევია. არც თუ იშვიათად გვხვდება რეპროდუქციული ასაკის ქალებში და იწვევს დისბიოზს. გარდნერელების უხვი ზრდა იწვევს საშოში არსებული Lactobacillus spp.
გამოდევნას და ასტიმულირებს ანაერობული ბაქტერიებისა და მიკოპლაზმების მოჭარბებულ ზრდას. გარდნერელოზის რისკი იზრდება საშვილოსნოსშიგა სპირალების ჩადგმის, უწესო სქესობრივი კავშირების, ქლამიდიური და გონოკოკური ინფექციების დროს.
მამაკაცის ორგანიზმში მოხვედრისას Gardnerella vaginalis მეტწილად 2-3 დღის განმავლობაში ითრგუნება. ხანდახან ვითარდება უსიმპტომო მტარებლობა. იშვიათად გარდნერელა იწვევს ურეთრიტს, პროსტატიტს ან ეპიდიდიმიტს.
დაინფიცირებულ ქალთა ნახევარში გარდნერელოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დანარჩენებში დაავადების ძირითადი გამოვლინებაა საშოდან გამონადენი, როგორც წესი, ნაცრისფერი ან თეთრი ფერის, ხშირად „თევზის“ სუნით, რომელიც ძლიერდება დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ. შესაძლებელია საშოს ქავილი და წვა. ანთების ნიშნები ჩვეულებრივ გამოხატული არ არის.
გარდერელოზი ხელს უწყობს მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი პროცესების განვითარებას, მათ შორის აბორტის შემდეგაც.
გარდნერელების მიერ ჭარბი რაოდენობის ციტოკინებისა და პროსტაგლანდინების გამოყოფა, დაავადებულ ორსულ ქალებში ამნიონური სითხისა და სანაყოფე გარსების ინფიცირება მეორე ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის მიზეზი ხდება.
რისთვის გვჭირდება გამოკვლევა?
- გარდნერელოზის დიაგნოსტიკა
- მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე დაავადებების დიფერენციული დიაგნოსტიკა
როდის ინიშნება გამოკვლევა?
- ეჭვი გარდნერელოზზე
- ორსულობის დაგეგმარება
- ორსულობისა და მშობიარობის გართულებების დროს
- ანტიბაქტერიული თერაპიის შემდეგ
ვინ ნიშნავს გამოკვლევას?
გინეკოლოგი, უროლოგი, ვენეროლოგი